საზოგადოება
01.02.2022 13:57
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი გაუქმდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საბჭო მსოფლიო პრაქტიკით ხსნის.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, რომ ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება.

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, რადგანაც, მოგეხსენებათ, პრემიერს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

კვირის ამბები