საზოგადოება
10.12.2019 11:56
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გორის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა.

საკონკურსო განაცხადი, მიმდინარე წელს, 44-მა აპლიკანტმა შეავსო, აქედან, ერთი პროექტი ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზევე მოიხსნა. შესაბამისად, კონკურსში მონაწილე 43 პროექტიდან საუკეთესოს გამოსავლენად სპეციალურმა კომისიამ იმსჯელა და გადაწყვეტილებაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №179/ნ ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მიიღო.

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად 5 პროექტი დაასახელა. „შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია (დიდი ლიახვის ხეობა)“ - სწორედ ამ დასათაურებით წარადგინა საკონკურსო განაცხადი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და გამარჯვებულის სტატუსიც დაიმსახურა. გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, კოორდინატორი კი - პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი გახლავთ.

კონკურსის მონაწილეები პროექტების შეფასების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რამდენიმე დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) გაეცნობიან.

კვირის ამბები