სამართალი
31.01.2022 15:11
პაციენტს ბასრი საგნით 30 ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - ექიმი რეანიმატოლოგი მამის მიერ დაჭრილი შვილის მდგომარეობაზე

მამაკაცს ბასრი საგნით 30 ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, შეინიშნება სტაბილიზაციის მცირე ელემენტები,  - ამის შესახებ გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მამა-შვილს შორის მომხდარი კონფლიქტისას დაჭრილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. ტატო ქაჯაიას განცხადებით, მოსალოდნელია გართულებებიც.

,,კლინიკაში შემოყვანილი იყო მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით. დაზიანებები იყო მრავალგვარი და ბევრი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც იყო  დაზიანებული, ეს გახლდათ მარჯვენა ფილტვი და პლევრა. ასევე, დაზიანებულია კუჭი, პანკრეასი, რამდენიმე ადგილას იყო გაჭრილი წვრილი ნაწლავი, შესაბამისად გაკეთდა დიდი მოცულობის, ე.წ. ფართო მასშტაბის ოპერაცია. აღდგენილ იქნა ფილტვის ქსოვილის მთლიანობა და პლევრა დრენირებულია. კუჭი გაიკერა ორივე ადგილზე, პანკრეასი გაკერილია, სამწუხაროდ, მოხდა დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის ნაწლავის ამოღება, რადგან დაზიანებები იყო იმდენ ადგილზე, რომ მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა. პაციენტს ბასრი საგნით 30 ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამჟამად, მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. ჯერჯერობით, პაციენტი შოკიდან გამოსული არ არის, მაგრამ ჩანს, რომ სტაბილიზაციის ფაზაში გადავდივართ. მოსალოდნელია უამრავი გართულება, კეთდება ამ გართულებების პრევენცია, მაგრამ გარანტია, რომ მდგომარეობა არ გართულდება, არ არის. საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, შეინიშნება სტაბილიზაციის მცირე ელემენტები“, - განაცხადა ტატო ქაჯაიამ.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ საღამოს, გორში მოხდა, 1975 წელს დაბადებული შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ 1940 წელს დაბადებული მამა დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამა-შვილს შორის უთანხმოების მოტივი უცნობია, მეზობლების ვერსიით, დანით შეიარაღებული 82 წლის მამა 47 წლის შვილს სავარაუდოდ მძინარეს დაესხა თავს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სხვა დაზიანებებთან ერთად, დაზარალებულს დაზიანებული აქვს ხელების მტევნები და თითების ფალანგები, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ იგი თავის დაცვას და მამისთვის დანის წართმევას ცდილობდა.

კვირის ამბები