სამართალი
31.01.2022 13:01
კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის მამა დააკავა

გორში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას 1975 წელს დაბადებული მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა დაშავებულის მამა, 82 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ საღამოს, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის ექიმის, სოსო გელაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, მას გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი შემავალი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა ფილტვის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის დაზიანებით, ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელი მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. მამაკაცს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

კვირის ამბები