კომბინატის დასახლების ტერიტრორიაზე, სავარაუდოდ, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი მოთავსებულია ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკის ექიმის, სოსო გელაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, მას გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მამაკაცს აღენიშნებოდა გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი შემავალი ნაკვეთი ჭრილობები ფილტვის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის დაზიანებით, ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელი მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადა სოსო გელაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახში კონფლიქტი სავარაუდოდ მამა-შვილს შორის გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც 80 წელს მიღწეულმა მამაკაცმა 45 წლამდე ასაკის მამაკაცს სხეულზე დაზიანებები დანით მიაყენა.
კონფლიქტის მიზეზი უცნობია, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.