,,ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან“, - ამის შესახებ კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლის, ვირჯინია ფილიპსის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
Netflix-მა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელის გაუქმება მოითხოვა.
Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლად ასახელებდა იმ ფაქტს, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს, თუმცა, სასამართლო კომპანიის მოსაზრებას არ იზიარებს.
შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. საქმე ეხება სერიალ „დედოფლის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, თითქოს, ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.
ნონა გაფრინდაშვილმა სასამართლოს მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მოჭადრაკის მიღწევების დამცირების და შელახვის ბრალდებით მიმართა და კომპენსაციის სახით ხუთი მილიონი დოლარი მოითხოვა იმ სიცრუის გამო, რომელმაც მოჭადრაკის მიღწევები დაამცირა და შელახა. კომპენსაციის გარდა, მოჭადრაკე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვს.
შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო მიღწევებს:
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები;
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი;
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი;
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.