საზოგადოება
27.01.2022 15:16
საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება ძალზე ამაღელვებელი იყო ჩემთვის, როგორც 53 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის ლოგიკური დასასრული-ნონა პაიჭაძე
ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებას ყოველწლიურად რამდენიმე პედაგოგს ანიჭებს.
ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნული საპატიო ჯილდო გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე სამ პედაგოგს გადაეცა. მათ შორის ერთ-ერთი ელეონორა (ნონა) პაიჭაძეც გახლავთ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, გორის N3 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგსა და არაერთი ღირსეული თაობის აღმზრდელს გასულ წელს გადასცა.
როგორც GMnews-თან საუბრისას ნონა პაიჭაძე იხსენებს, ეს დღე, მისთვის, განსაკუთრებით ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო, როგორც 53 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის ლოგიკური დასასრული.
„1963 წელს დავამთავრე ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის ინსტიტუტი ფიზიკა მათემატიკის სპეციალობით. პედაგოგიური საქმიანობა1969 წელს დავიწყე - გორის მეხუთე საშუალო სკოლაში ორგანიზატორად და ვასწავლიდი ფიზიკა-ასტრონომიას. 1975 წლიდან კი, მესამე და მეხუთე სკოლები შეერთდა და მესამე სკოლად ჩამოყალიბდა, რის შემდეგაც სწორედ აღნიშნულ სკოლაში დავინიშნე აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილედ და ფიზიკა-ასტრონომიის პედაგოგად. შემდგომ, სკოლებში ექსპერიმენტულ საგნებად შეტანის შემდეგ, ახალ საგანებს: საოჯახო ცხოვრების ეთიკას, ფსიქოლოგიას და გამოყენებითი ეკონომიკას ვასწავლიდი. ეს საგნები 2007 წელს გააუქმეს. მე კი, 2020 წლამდე, ანუ, პენსიაში გასვლამდე ვასწავლიდი გამოყენებით ხელოვნებას. შეიძლება გსმენიათ მესამე სკოლის ჰიმნის და ისტორიის შექმნის შესახებ, რომელიც ჩემ სახელს უკავშირდება. რაც შეეხება აღნიშნულ ჯილდოს, ბუნებრივია, ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეს ჯილდოდა მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს და უწყებას, ვისაც არ ავიწყდება პედაგოგების როლი და ღვაწლი“, - აღნიშნა ნონა პაიჭაძემ.
კვირის ამბები