გასულ წელს, სოციალური დახმარება 4377 ბენეფიციარზე გაიცა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 651 220 ლარი გაიხარჯა, - 2021 წლის სოციალური პროგრამის შემაჯამებელ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით ისარგებლეს ბენეფიციარებმა, რომელთა შორის არიან: უსინათლო და სმენადაქვეითებული პირები; 100 და მეტი წლის ასაკის უხუცესები; დედ-მამით ობოლი ბავშვები; მრავალშვილიანი ოჯახები; სოციალურად დაუცველი სტუდენტები და სპორტსმენები; ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები; ვეტერანები; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები; მარტოხელა მშობლები; უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი მოქალაქეები.
„აღნიშნული სერვისების დაფინანსება კვლავ გრძელდება, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარები გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს, კერძოდ, 100 ლარით იზრდება დახმარება:
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (150 000 ქულამდე), რომელთაც შეეძინებათ მე-3 შვილი (დაფინანსება გაზრდილია 200-დან 300 ლარამდე);
ოთხშვილიანი ოჯახებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 400-დან 500 ლარამდე)ü
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 300-დან 400 ლარამდე); 50 ლარით გაიზრდება დაფინანსება მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის ( 100-იდან 150 ლარამდე); პრობაციონერებისთვის ( 250-დან 300 ლარამდე); უსინათლოებისთვის (კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე); სმენადაქვეითებულებისთვის კი, 200-დან 250 ლარამდე“, - აცხადებენ გორის მერიაში.
როგორც GMnews-სთვის ცნობილი გახდა, აღნიშნული სერვისების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გრძელდება. პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია. დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.