საქართველოს მთავრობის დადგენილებით განხორციელდა მნიშვნელოვანი დაზუსტება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისათვის, რომლებიც საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.
ცვლილების შედეგად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე სუბიექტს უფლება ექნება, მის მიერ წარმოებული (მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე) პროდუქციის რეალიზაცია არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე, არამედ ქვეყნის მასშტაბით მოახდინოს. ასევე, შეეძლება პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს. ეს ფაქტი, არ გამოიწვევს სუბიექტისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, ასევე, არ აღმოჩნდება ხელისშემშლელი ფაქტორი სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული პირისთვის და არ გამოიწვევს საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 403 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს. მთავრობის დადგენილების თანახმად, მეწარმეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდებიან გადასახადებისაგან: მეწარმე ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლის ვადით; ხოლო საწარმო თავისუფლდება მოგების და მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონების გადასახადებისგან 10 წლის ვადით.
„ცვლილება ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებაში წარმოებით დაინტერესების კიდევ უფრო ზრდას და მთაში უკვე მომუშავე მეწარმეების დამატებით წახალისებას“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.