გორელი ავტორის, მხატვარ კახაბერ თოფჩიშვილის დიზაინით, ლიეტუვური მინტის წარმოებით ვერცხლის მონეტა გამოვიდა, რომელზეც იასონი და არგონავტებია გამოსახული. როგორც LITHUANIAN MINT-ის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, ხუთდოლარიანი ნომინალის ლიმიტირებული, საკოლექციო ვერცხლის მონეტის ღირებულება 229 ევროა. აღნიშნული მონეტა სულ 500 ცალი გამოდის და თითოეული მონეტის წონა 62,2 გრამს შეადგენს.
LITHUANIAN MINT-ის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს და ფასდაკლების კოდით ,,topchishvili," ლიეტუვადან საქართველოში უფასო ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. აღნიშნული აქცია ძალაშია მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე.
შეგახსენებთ, რომ იასონისა და არგონავტების მონეტამდე, გამოვიდა კოლხი მედეას გამოსახულებით ლიმიტირებული 2 დოლარიანი მონეტა, რომლის ილუსტრაციის ავტორიც კახაბერ თოფჩიშვილია.
გამორჩეული თანამედროვე ქართველი მხატვარი ,,გორელის“ ფსევდონიმით ხატავს. მისი ნამუშევრების საყურადღებო კოლექცია ინახება საქართველოს ხელოვნების სასახლეში, მათ შორისაა კოლხი მედეას ერთ-ერთი ვარიაცია.
,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, იასონისა და არგონავტების გამოსახულეთ დაბეჭდილი ვერცხლის ხუთდოლარიანი მონეტა, ისევე, როგორც კოლხი მედეას გამოსახულებით გამოსული ორდოლარიანი მონეტა, ლიმიტირებული რაოდენობით, საკოლექციო დანიშნულებისაა და ფულადი ერთეულის მიმოქცევაში არ ჩაეშვება.
როგორც ავტორმა ,,გორის მაცნეს“ გაუმხილა, უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება კოლხი მედეას სამი სხვა ვარიაციით მონეტების გამოსვლა.