კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შესაბამისად, დღეიდან კიდევ რამდენიმე სკოლა გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა განუცხდა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სწავლების სრულად დიტანციურ რეჟიმზეა 13 საჯარო სკოლა.
,,სამწუხაროდ, სკოლებში კვლავ დაფიქსირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შესაბამისად, საკლასო ოთახებში სწავლა დროებით შეწყდა კიდევ რამდენიმე სკოლაში. ამ ეტაპზე, სწავლების სრულად დისტანციური მოდელი მოქმედებს გორის მე-3, მე-4, მე-6, მე-9, მე-10 და მე-12 საჯარო სკოლებში, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ხელთუბნის, კარალეთის #1 და #2, ქერეს, ქვახვრელის, ახალდაბის და ბნავისის სკოლები.
აღნიშნულის გარდა, ამ დროისთვის, 7 სკოლის 20-მდე კლასია დისტანციურ სწავლებაზე.
რაც შეეხება ინდივიდუალურად მიღებულ გადაწყვეტოილებებს, რესურსცენტრის ქვემდებარე 67 საჯარო სკოლაში 600-ზე მეტი მოსწავლის მშობელმა გამოთქვა დისტანციური სწავლების სურვილი. კიდევ ერთხელ შევახსენებ მშობლებს, რომ დისტანციურ სწავლებაზე ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის პლატფორმაზე - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, სადაც მშობლებს დისტანციური სწავლების მოთხოვნის ან გაუქმების შესაძლებლობა ყოველ ხუთშაბათს ეძლევათ“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა.