კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, 1-ლი თებერვლიდან იწყება რეგისტრაცია პროექტზე „დაიწყე ბიზნესი კასპის FabLab–თან ერთად".
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი პროდუქტის შექმნისთვის, გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან აქტიურ მენტორშიპსა და ტრენინგებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, განახორციელონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით და განავითარონ სტარტაპი.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.
ტექნოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის მიზანია, შიდა ქართლში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას.
,,ფაბლაბი არის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება. ლაბორატორია აღჭურვილია ისეთი კომპიუტერით პროგრამირებადი, თანამედროვე დანადგარული ციკლით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, დაამზადონ ტექნიკურად გამართული, ხარისხიანი პროტოტიპები, რომლითაც მოიპოვებენ დამატებით დაფინანსებას და განახორციელებენ მასობრივ წარმოებას“, - აღნიშნულია ტექნოპარკის ინფორმაციაში.
რაც შეეხება პროექტში მონაწილეობას, მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა წინასწარ უნდა შეავსონ - https://forms.gle/fYbdxn82kzpjCeWWA