სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ბინების ფასი გაზრდილია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.
მაგალითისთვის, თბილისში, 2021 წლის IV კვარტალში, იგივე წლის გასულ კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი გაიზარდა 2.1 %-ით, 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით კი - 8.5 %-ით.
რაც შეეხება ახალაშენებული ბინების ღირებულებას, ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა მთაწმინდაზე - კერძო სახლი 1 კვ. მ - 3 240 ლ; საცხოვრებელი ბინა მთაწმინდაზე 1 კვ. მ - 3 930 ლ;
2021 წლის სტატისტიკური მაჩვენებლით, თბილისში, კერძო სახლების ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა გლდანში - 1 კვ. მ. – 1 690 ლ;
საცხოვრებელი ბინის ყველაზე დაბალი ფასი კი სამგორში - 1 კვ. მ. – 2 370 ლ;
,,გორის მაცნე“ დაინტერესდა, რა ფასადაა შესაძლებელი გორში ბინის და კერძო სახლის შეძენა.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსებული განცხადებებით როგორც ირკვევა, გორში გასაყიდი ბინების თუ კერძო სახლების შესახებ ბევრი განაცხადი არ არის.
განცხადებების მიხედვით, გორში საცხოვრებელი ბინების ყველაზე დაბალი ფასი ფიქსირდება წმინდა წყლისა და კომბინატის დასახლებებში, სადაც 1 კვ. მ-ის საშუალო ღირებულება ბინის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 240 ლარიდან (400 აშშ დოლარი) 1 400 ლარამდე მერყეობს (450 აშშ დოლარი). შედარებით დაბალ ფასად იყიდება ბინები ცხინვალის გზატკეცილზე, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მდებარე კორპუსებში.
რაც შეეხება გორში მდებარე კერძო სახლებს, არსებული განცხადებების მიხედვით, 1 კვ. მ-ის საშუალო ფასი, საცხოვრებლის მდგომარეობის და მდებარეობის გათვალისწინებით, 673 ლარიდან (217 აშშ. დოლარი) 1 350 ლარამდე (435 აშშ. დოლარი) მერყეობს. კერძო საცხოვრებელი სახლების ყველაზე დაბალი ფასი გორში ფიქსირდება კვერნაქის დასახლებაში 589 ლარი (190 აშშ. დოლარი).
უნდა აღინიშნოს, რომ გორის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელი ბინებისა და კერძო სახლების გასხვისების შესახებ განცხადებები ძალზე ნაკლებია. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში არსებულ ახალაშენებულ კორპუსებს, განცხადებების მიხედვით, დასრულებულ კორპუსში 1 კვ. მ-ის ღირებულება 2 500 ლარს (860 აშშ. დოლარი) აღწევს.