საზოგადოება
26.01.2022 12:39
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი მშობლებისთვის მიმართვას ავრცელებს

ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ, ან გაუშვით ბავშვი სკოლაში, ან დაარეგისტრირეთ ონლაინ სწავლების ფორმაზე! - ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ნანა ტერმაკოზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ტერმაკოზაშვილი მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს სკოლაში მხოლოდ ვირუსის გავრცელების შიშის გამო არ უშვებენ, ბავშვები ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანონ და სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია გაიარონ.

„ძვირფასო მშობლებო, რომელ სკოლებშიც ვირუსის უკონტროლო გავრცელების რისკს ხედავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, გადაგვყავს დისტანციურ რეჟიმზე და ამ დროისთვის ასეთია 10 სკოლა. ამას გარდა, 20-ზე მეტი ცალკეული კლასი გადავიყვანეთ დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

გასაგებია, მესმის, რომ გეშინიათ და არ უშვებთ შვილებს იმ სკოლაშიც, სადაც პირისპირ, საკლასო ითახებში მიმდინარეობს სწავლა, მაგრამ ონლაინზე რომ დაარეგისტრიროთ თქვენი შვილი, ეს ხომ შეგიძლიათ? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ონლაინ რეგისტრაციისთვის მისამართს : online.emis.ge

ან სთხოვეთ დამრიგებელს და დაგეხმარებათ. მოკლედ, გთხოვთ, ან გაუშვით ბავშვი სკოლაში, ან დაარეგისტრირეთ ონლაინ სწავლების ფორმაზე!“, - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.

კვირის ამბები