გორელი პარასპორტსმენები ეტლითხილამურის ჩემპიონატ „ბაკურიანი 2022“-ის პრიზიორები გახდნენ.
გუნდურ შეჯიბრებაში, გორის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრში გორელმა გიორგი მოდებაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა.
GMnews-ის ინფორმაციით, ზემოხსენებულ ტურნირში, გორელი პარასპორტსმენების გარდა, თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცები მონაწილეობდნენ.
ეტლითხილამურის ჩემპიონატი „ბაკურიანი 2022“ პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში, წელს მესამედ გაიმართა.
„ჩემპიონატი „ახალგაზრდული მედია კავშირის“ უპრეცედენტო პროექტია, რომელიც აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას სხვადასხვა სახის სპორტულ - კულტურულ აქტივობებში.
გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ ორგანიზაციასთან და სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით ხელს უწყობს გორელი შშმ პირების მონაწილეობას ისეთ შეჯიბრებებში, როგორიცაა პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვა“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.