საზოგადოება
25.01.2022 15:59
ინფორმაცია, თითქოს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში პრაქტიკოს-მასწავლებლად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება - მერია

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იმ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მერთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

უწყების ცნობით, ინფორმაცია, თითქოს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი  ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში პრაქტიკოს-მასწავლებლად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, კერძოდ ,,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’ მუშაობს და ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია.

საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, გორის მერია განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა.

გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები