მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ამჟამინდელი მესაკუთრე მზადაა, აღნიშნული მიწის 30 ჰექტრამდე ფართობი სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცეს სოფელს, - ამის შესახებ სოფელ ზეღდულეთში მდებარე სადაო მიწის ფართობებთან დაკავშირებით შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა.
აბელ აბესაძის ინფორმაციით, 2008 წელს, წინა ხელისუფლებამ სოფლის კუთვნილი საძოვარი ფართობები ისე გაასხვისა, როგორც სამეურნეო დანიშნულების მიწები.
,,გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, წლების წინ, კერძოდ, 2008 წელს, წინა ხელისუფლების დროს, საძოვარი ფართობები გასხვისებული იქნა როგორც სამეურნეო დანიშნულების მიწები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისგან მოჰყვა პროტესტი და ადგილობრივი მცხოვრებლები მოითხოვდნენ მიწების უკან, სოფლისთვის დაბრუნებას. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ჩართული იყო ადგილობრივი ხელისუფლებაც. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ამჟამინდელი მესაკუთრე მზადაა, აღნიშნული მიწის 30 ჰექტრამდე ფართობი სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცეს სოფელს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა, იმ ტერიტორიაზე, სადაც სადაო მიწის ნაკვეთები მდებარეობს, საქართველოს სახელმწიფო დროშა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 5 თანასოფლელის მემორიალური დაფა დღეს დაამონტაჟა. ზეღდულეთელების განცხადებით, სოფლის მოსახლეობა ინიციატივით გამოდის, რომ აღნიშნულ მიწის ფართობს, რომელიც წლებია დავის საგანია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების სახელობის მამული ეწოდოს. ბანერზე ომის დროს დაღუპული ხუთი პირის - ავთანდილ ცერცვაძის, მიხეილ ცერცვაძის, გიორგი ილურიძის, ლევან მანძულაშვილის და არჩილ ბერიანიძის ფოტოებია განთავსებული.
სოფლის მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, თუ სოფელს სრულად არ დაუბრუნდება წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობები, მის ამჟამინდელ მეპატრონეს კვლავ არ მისცემენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების საშუალებას.
ცნობისთვის, სოფლის კუთვნილი 73 ჰა. საძოვარი ფართობები 2008 წელს გაიყიდა საქართველოს მოქალაქეზე, რომელმაც მიწის ფართობი მალე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასხვისა, აღნიშნული მიწა 2021 წელს კიდევ ერთხელ გაიყიდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფლის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ზეღდულეთისთვის საძოვარი ფართობების დაბრუნების მოთხოვნით რამდენჯერმე გამართა საპროტესტო აქცია.