საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხელთუბანში. როგორც ცნობილია, სკოლამდელი აღზრდის აღნიშნული დაწესებულების შენობა 6 ჯგუფზეა გათვლილი, შესაბამისად, 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ხორციელდება როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე ეზოს მოწესრიგება.
„აღნიშნულ ფართში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წლის წინაც ფუნქციონირებდა. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა შენობის ავარიულმა მდგომარეობამ გამოიწვია, რამაც საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას. მას შემდეგ ბაღი სოფლის ცენტრში არსებულ სხვა მუნიციპალურ ფართში აგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც არ იძლევა საგანმანათლებლო პროცესის სათანადო პირობებში განხორციელების შესაძლებლობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ადგილობრივ თვითმართველობას საბავშვო ბაღის შენობის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუხდა“, - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ცნობისთვის, ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე სოფლის პატარებს მოემსახურება.