საზოგადოება
24.01.2022 13:15
კულტურის სამინისტრომ გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადა

სსიპ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი დღეს ხელახლა ცხადდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ერისთავის თეატრი ცვლილებებშიც პირველია. რას ვიზამთ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა.

მადლობა ამ 4 წლისთვის ერისთავის თეატრს, მადლობა მსახიობებს, მადლობა ტექნიკურ პერსონალს, მადლობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მადლობა მაყურებელს, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვეხმარებოდა განვითარებაში და ყოველთვის გვერდით გვედგა. მადლობა ამ ქალაქს, რომელმაც ასე შემაყვარა თავი. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გორში ყოფნაში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს არ ყოფნაში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ამ პერიოდში მომიწია მუშაობა, მადლობა, ჩვენ ერთად ბევრი კარგი რამე გავაკეთეთ, good job!

p.s 4 წელში 15 ჯილდო სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე, ბევრი დადებითი რეცენზია, ბევრი გაკეთებული ინფრასტრუქტურული სამუშაო, ბევრგან აღიარებული წარმატება, ბევრი ტაში და ბევრი სიყვარული.

გორის თეატრი იყო ერთ-ერთი წარმატებული თეატრი და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. ბოდიში იმ ადამინებს, ვისაც გული დაგწყვიტეთ. ამ სფეროში ვრჩები და კიდევ ხშირად შევხვდებით. ვამაყობ თითოეული წუთით, რაც თქვენთან ერთად გავატარე, მიყვარხართ. ეს არის ჩემი კომენტარიც, ბრიფინგიც და სხვა დანარჩენიც. ახლა კი ფარდა!!!!“, - წერს დავით ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი დეკემბერში გამოცხადდა.

კვირის ამბები