საზოგადოება
24.01.2022 11:53
მზარდია კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში - ირაკლი ღარიბაშვილი

აუცილებელია, რომ 50 წელს ზევით წამახალისებელი ღონისძიებები ჩავატაროთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, ათვისებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლას იწვევს.

 

„მზარდია კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. ქვეყნის შესაბამისი სექტორები მზადყოფნაშია. ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდპარამეტრების მონიტორინგი და მათი უწყვეტი ანალიზი. ბოლო დღეების განმავლობაში ტესტირებით გამოვლენილია დაინფიცირების საკმაოდ მაღალი დღიური ციფრი, თუმცა სიკვდილიანობა 1.4%-ია.

მიუხედავად ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკისა, ეს ყოველივე არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზეა.

მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. გვინდა, რომ რეგიონებსა და სოფლებში უფრო ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ 50 წელს ზევით 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით და გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოვოთ - სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები. იმის მიუხედავად, რომ ,,ომიკრონი" საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები