საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გორში ყოფნისას საფეხბურთო სკოლის მშენებლობა დააანონსა. კობიაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სწორედ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო სკოლის მშენებლობა ჭალის დასახლებაში მოიაზრება. მხარეებმა სავარაუდო ტერიტორია დაათვალიერეს და პროექტის შესახებაც იმსჯელეს.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ქალაქში უკვე გვაქვს თანამედროვე და საერთაშორისო დონის სპორტული ობიექტები, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ საფეხბურთო სკოლის მშენებლობას, სადაც, სამომავლოდ, არამხოლოდ გორის, არამედ რეგიონის ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.