კონფლიქტები
20.01.2022 18:05
მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს მიეცეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება - ზვიად ზვიადაძე

უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხის შემდეგ, ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო ის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქლაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

,,ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო ის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ახალგორის რაიონში, სადაც მოსახლეობა განიცდის უკიდურეს სოციალურ სიდუხჭირეს და ელემენტარულად, მათ წვდომა არ აქვთ ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე. ასევე განხილული იქნა მდგომარეობა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით და როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ისინი შესაბამის დახმარებას იღებენ რუსეთის ფედერაციიდან და ფიქრობენ, რომ პრობლემას გადაჭრიან თავიანთი ძალებით. ამის მიუხედავად, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნა შეთავაზება დაფიქსირებული, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართულ ყველა შეხვედრაზე თუ ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობითაც კეთდება, თუმცა, კონკრეტულ დახმარებაზე ამჯერადაც უარი მივიღეთ.

ადამიანები ვერ ახერხებენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, წლებია უკვე, ბოლო ორი წლის მანძილზე განსაკუთრებით, გარდაცვალების რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო დაფიქსირებული. სამწუხაროდ, გადაადგილებაზე არსებული უკანონო შეზღუდვების მოხსნაზე ახალი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობას, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

კვირის ამბები