კონფლიქტები
20.01.2022 11:20
იმედი გვაქვს, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებზე მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს - ირაკლი ანთაძე

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, ამავდროულად ვისაუბრებთ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ სოფელ ერგნეთში განაცხადა.

ამ წუთებში, ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 104-ე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განხილული იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი და ის დესტრუქციული ქმედებები, რომელიც საოკუპაციო ძალების მხრიდან ხორციელდება ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოს აზიანებს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით და მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც კვლავ აქტიურ ფაზაშია შესული. ასევე შევეხებით გასული წლის განმავლობაში მომხდარ ყველა ინციდენტს და რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად აწარმოებენ ბორდერიზაციას, რაც გამოიხატება ხელოვნური ბარიერების აღმართვაში. ეს პროცესი ასევე უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებას, ეს არის ოკუპაციის შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ხელისუფლებას“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

 

კვირის ამბები