დამსახურებული გორელი ხელოვანებისთვის ვარსკვლავის გახსნის ტრადიცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. 2020 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით კიდევ სამი ვარსკვლავი გაიხსნება. უკვე ცნობილია, რომ ლევან ოზგებაშვილის ვარსკვლავის გვერდით, ცნობილი მსახიობის, რეჟისორისა და თეატრის ამაგდარის, ანზორ გვაძაბიას სახელობის ვარსკვლავი დაიკავებს ადგილს.
GMnews-ი დაინტერესდა რა კრიტერიუმით შეარჩევენ ორგანიზატორები სხვა კანდიდატების ვინაობას და რა პერიოდულობით დაგეგმავენ საზეიმო ცერემონიებს. საკითხის გასარკვევად გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს, რამაზ შიოშვილს დავუკავშირდით.
„ლევან ოზგებაშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია შეიძლება ითქვას ერთგვარი გამოცდილების მიღება იყო ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში რომელსაც შევეჭიდეთ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ამ ეტაპზე კონკრეტული მონახაზი არ გვაქვს თუ ვინ შეიძლება იყოს მომდევნო პერსონა. შეიძლება არჩევანი რამდენიმე დეტალის გათვალისწინებით შევაჩეროთ და მორიგი ვარსკვლავის გახსნა ვინმეს საიუბილეო თარიღს, ან სულაც ამა თუ იმ პრეტენდენტის ცხოვრებაში სხვა ღირსშესანიშნავ მოვლენას ან საქვეყნო აღიარების ფაქტს დავუმთხვიოთ. მოკლედ, სიტუაცია გვიჩვენებს“, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.