საჭირო კვლევები, მედიკამენტები და სამედიცინო პროცედურები 2640 ბენეფიციარს დაუფინანსდა - გორის მერია გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს
გასულ წელს, ჯანდაცვის მიმართულებით, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 037 537 ლარი გაიხარჯა, - 2021 წლის სოციალური პროგრამის შემაჯამებელ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, საჭირო კვლევები, მედიკამენტები და სამედიცინო პროცედურები 2640 ბენეფიციარს დაუფინანსდა.
„დახმარება გასულ წელს მიიღეს: დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა; იშვიათი დაავადებების მქონე, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების, გლუტენის დაავადების მქონე, ასევე, კანის ქრონიკული ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელებით დაავადებულმა პაციენტებმა; სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა (0-დან 150 000 სარეიტინგო ქულით); ონკოლოგიურმა პაციენტებმა; ეპილეფსიითა და პარკინსონიზმით დაავადებულმა პირებმა; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის, ფარისებრი ჯირკვლისა და გლაუკომის დაავადებების მქონე პაციენტებმა (0-დან 150 000 სარეიტინგო ქულით); სქოლიოზით დაავადებული ბავშვები (0-დან 18 წლამდე 0-დან 120 000 სარეიტინგო ქულით)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც GMnews-სთვის ცნობილი გახდა, აღნიშნული სერვისების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გრძელდება. უნდა აღინიშნოს რომ გასულ წელთან შედარებით, 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება ჯანდაცვის ყველაზე მოთხოვნად სერვისებზე, კერძოდ: ონკოლოგიური პაციენტების კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 500 ლარამდე; სოციალურად დაუცველების სამედიცინო კვლევების დაფინანსება გაიზარდა 300-დან 400 ლარამდე, ხოლო მკურნალობის თანხები - 400-დან 500 ლარამდე; მედიკამენტებით დახმარება პროგრამით გათვალისწინებული დაავადებების ფარგლებში გაიზარდა 100-დან 200 ლარამდე;
ცნობისთვის, პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.