საზოგადოება
18.01.2022 16:33
საგზაო ინფრასტრუქტურის რა სამუშაოები განხორციელდა გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტში

2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში 22,2 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ქალაქის მასშტაბით გზის ახალი საფარი მოეწყო 4,4 კილომეტრზე, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში 17,8 კილომეტრზე დაიგო ახალი გზა.

გასულ წელს, გორის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 ქუჩას: შარტავას ქუჩა, ამილახვრის ქუჩა, ტყვიას ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა (მონაკვეთი), ჭანტურიას ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, ფარნავაზის ქუჩა, ავტობუსების სადგომთან მისასვლელი გზა. რაც შეეხება სოფლებს, სულ საგზაო ინფრასტრუქტურა 18 სოფელში მოწესრიგდა: ქორდი (ეკლესიასთან მისასვლელი გზა), კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზა, ტინისხიდი (გზის მონაკვეთი), მეჯვრისხევი (სავადმყოფოსთან მისასვლელი გზა), ბროწლეთი (ორ უბანში გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია), მეჯვრისხევი (ქეცხურის გზის რეაბილიტაცია), სკრა (გზის მონაკვეთი), ატენი (გარდატენში გზის მონაკვეთი), ახალუბნიდან აძვამდე მისასვლელი გზა, ტირძნისისა და თერგვისის დამაკავშირებელი გზა, კარბი (მემორიალთან მისასვლელი გზა), ქვახვრელი (სადგურიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზა), მარანასთან მისასვლელი გზა,  ზერტი (სკოლამდე მისასვლელი გზა), ვარიანისა და არაშენდას დამაკავშირებელი გზა, სვენეთი (სკოლასთან მისასვლელი გზა), შინდისში (ერთი უბანი), ახალუბნიდან ჯარიაშენის ცენტრამდე მისასვლელი გზა.

გორის მერიის ცნობით, რაზმაძის ქუჩისა და ბერბუკში გზების სარებილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2021 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნული გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამში დაახლოებით 2 კილომეტრია.

კვირის ამბები