საზოგადოება
18.01.2022 14:32
„ომიკრონის“ მაჩვენებლით თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი - ამირან გამყრელიძე

,,ომიკრონის“ დადასტურებული 1254 შემთხვევიდან, დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი  - 7521, რაც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ერთადერთი პოზიტივი არის ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს. თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს, „ომიკრონის“ წილი 65%-ია. რეგიონებში 30-35%-ის ფარგლებში გვაქვს. „ომიკრონის“ მაჩვენებლით თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი. „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1254 შემთხვევა გვაქვს. ამ 1254 შემთხვევიდან საშუალო ასაკი გახლავთ 33,8. ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს. სტაციონარში მოხვდა 14 პირი. სტაციონარიზაციის ძირითადი მიზეზი თანმხლები დაავადებები გახლდათ და არა კოვიდის სიმძიმე. ჯერჯერობით „ომიკრონის“ შემთხვევები „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან თუ ბევრი შემთხვევა იქნება ერთდროულად, სხვა შედეგი იქნება.

უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას გაიკეთონ „ბუსტერი“. „ბუსტერიზირებულს“ რომც დაემართოს კორონავირუსი, ან განვითარდეს რეინფექცია, იქ ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ამიტომ, დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მასობრივი „ბუსტერიზაციაა“. 1 მილიონ 200 ათასი ადამიანია ვაქცინირებული, სასურველია, რომ ყველა მივიდეს და გაიკეთოს „ბუსტერი“, რათა ჩვენ ეს ტალღა შედარებით მსუბუქად გადავიაროთ. ასევე, ყველგან ვატაროთ ნიღაბი. ერთ-ერთი თვისება „ომიკრონის“ ის გახლავთ, რომ მას სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი აქვს. 1254 შემთხვევაზე დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა - ანუ ინფიცირებული იყო „დელტათი“ და დაინფიცირდა „ომიკრონით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც შიდა ქართლში დადასტურდა 380 შემთხვევა.

კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 14 512 პირი ემსხვერპლა.

კვირის ამბები