საზოგადოება
18.01.2022 14:25
რა საკითხები განიხილა პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და ხაზი გაუსვა შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

„შეხვედრისას, თითოეული რეგიონის მიხედვით დეტალურად განიხილეს არსებული პროექტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, ასევე, იმსჯელეს იმ ტიპის საჭიროებებზე, როგორიცაა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი წყალმომარაგება თუ შიდა გზების მოწესრიგება. ხაზი გაესვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია.

კვირის ამბები