სოციალური პროგრამის ფარგლებში, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა - ვინ ისარგებლებს გორის მერიის დახმარებით
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია 400 ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაუწევს.
ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების, უპატრონო მიცვალებულებისა და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობისას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. საჭიროების შემთხვევაში, თანხის მისაღებად მათ წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.