სატრანსპორტო საშუალებების ძველ სანომრე ნიშნებს სამართლებრივი ძალა 2020 1-ლი იანვრის ნაცვლად, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე შეუნარჩუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, იმედა მაკასარაშვილის თქმით, ახალი ნომრის აღება მძღოლებს მინიმუმ 70 ლარი დაუჯდებათ.
„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ძველ სანომრე ნიშნებს იურდიული ძალა უწყდებათ და შესაბამისად, ყველა მძღოლმა უნდა შეცვალოს ახალი სანომრე ნიშნით. აღნიშნული ნორმა ვრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც სანომრე ნიშანი 2014 წლამდე აქვს აღებული. ნომრის შეცვლა ფასიანია. მესაკუთრეებს, სტანდარტულ სანომრე ნიშანში - 35 ლარისა და ამდენივეს გადახდა მოუწევთ სარეგისტრაციო მოწმობაშიც, რაც ჯამში 70 ლარია“, - აღნიშნა იმედა მაკასარაშვილმა.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონეებს მოცემული ვადის ამოწურვამდე
დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენა ან სატრანსპორტო საშუალების ახალ მესაკუთრეზე გადაფორმება მოუწევთ, დღეისთვის მოქმედი შვიდი სიმბოლოს მქონე სანომრე ნიშანს აიღებენ.