სამართალი
07.12.2019 22:02
ყველა მშობელმა იცოდა, რა სახის ფოტოსესია იყო, აღნიშნული ბრალდება მტკიცდება გამოძიებისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით - პროკურორი

არასრულწლოვნთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 ბრალდებულიდან სამი მათგანის ინტერესებს ადვოკატები - მაკა ბერაძე და ბონდო ვათიაშვილი იცავენ. ბერაძის და ვათიაშვილის დაცვის ქვეშ მყოფი პირები გორის მაცხოვრებლები არიან. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა უმძიმესია, ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ პორნოხასიათის ფოტოსესიაზე მიჰყავდათ შვილები, თუმცა, საპირისპიროს აცხადებს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ამჟამად დაკავებულმა ყველა მშობელმა იცოდა, თუ რა სახის ფოტოსესია იყო, აღნიშნული ბრალდება კი, მტკიცდება გამოძიებისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით.

„მოპოვებულია მტკიცებულებები, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და აგრეთვე, კომპიუტერული სისტემიდან იქნა გამოთხოვილი მათი მიმოწერა სოციალურ ქსელში. მიმოწერა იყო ბრალდებულებს შორის, როგორც ამ ბრალდებულების, ასევე წინა ბრალდებულების, რომელთაც უკვე აქვთ პატიმრობა შეფარდებული. ამ მიმოწერით დასტურდება, რომ ბრალდებულები თვითონ აქტიურობდნენ ყოფილიყო ფოტოსესია, დასტურდება ასევე, ფულის აღების ფაქტი და დასტურდება, რომ იცოდნენ, რა სახის ფოტოსესია იყო“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

მისივე თქმით, ფოტოსესიები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არასრულწლოვნთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 5 დეკემბერს დაკავებულ 11 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასაწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვნების მშობლები არიან.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში, ნაქირავებ ბინაში  კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პირველ ეტაპზე, სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს 11 პირი დააკავეს, რომელთაგან ორი უცხოეთის მოქალაქეა.

 

კვირის ამბები