ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაცია საკმაოდ რთულია და ამ პირობებში, ვაქცინაცია არის ხსნა, ამასთან, ვაქცინაციის პროგრამა წამახალისებელი მექანიზმებით კვლავაც გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არ არის ამგვარი.
„სავალდებულო ვაქცინაცია, როგორც ასეთი მექანიზმი იმისათვის, რომ გარკვეული ვალდებულება დავაწესოთ მოსახლეობისთვის ვაქცინაციასთან მიმართებაში, ასეთი საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არ არის ამგვარი. ვფიქრობთ, ის რესურსები, რომელიც დღეს ჩვენს ხელთ არსებობს, მათ შორის ფინანსური წახალისების სახით, რამაც საკმაო თვალსაჩინო შედეგი მოგვცა, იქნება ისევ ის ბერკეტი, რომელსაც გამოვიყენებთ. საჭირო იქნება ამის მეტად გაფართოება, მაგრამ ისევ თვითონ მოქალაქის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა“, - აცხადებს გაბუნია.
ამასთან, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტებთან საუბარი შედგა აღსრულების მნიშვნელობაზე, მათ შორის სამთო კურორტებზე.