გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. შესაბამისად, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტურია და ამ ეტაპზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.
GMnews-ის ინფორმაციით, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი კონკურსში კვლავ მონაწილეობს. დათო ჩხარტიშვილის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში გორის თეატრის მიღწევები აძლევს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის ამბიციას.
ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევამდე, მის მოვალეობას თეატრის იურისტი, თამარ თოხაძე შეასრულებს.
„ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურაა, რომელიც ყველა სახელმწიფო დრამატულ თეატრში 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ჩემი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში გორის თეატრის მიღწეული წარმატების გათვალისწინებით, თამამად წარვადგინე საკუთარი კანდიდატურა კონკურსზე, აქვე გეტყვით, რომ ოპონენტების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. დამეთანხმებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი იყო ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული არა მხოლოდ რეგიონის თეატრებს შორის, არამედ, არ ჩამოუვარდებოდა დედაქალაქის სხვადასხვა თეატრს, ასევე, პანდემიის მიუხედავად, გვქონდა ორი საერთაშორისო დონის გასტროლი, ამავდროულად, ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხა საკმაოდ გაიზარდა, რაც მიანიშნებს როგორც თეატრის წარმატებაზე, ასევე მაყურებლის სიყვარულზე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ველოდები სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას დათო ჩხარტიშვილმა.
შგახსენებთ, რომ გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე დათო ჩხარტიშვილი 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა, მან სოსო ნემსაძე შეცვალა.
ინფორმაციისთვის, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, წარდგენილი კანდიდატებისგან სამინისტრო შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია.