საზოგადოება
15.01.2022 21:03
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე რამდენიმე ავარია მოხდა, 6 დაშავებული ,,გორმედში“ გადაიყვანეს, დაშავებულთაგან 4 ბავშვია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.

ავტომობილები, რომლებიც ზამთრისთვის გათვალისწინებული საბურავების გარეშე მოძრაობენ, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რის გამოც იქმნება საცობები.

გორთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია, მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 4 წლის ბავშვია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შრუბის ინფორმაციით, იგეგმება ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.

აღნიშნული ავარიის გარდა, რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იგოეთთან და გორი-რუისის მონაკვეთზე.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

 

კვირის ამბები