ცნობილი გორელი პოეტი ჯემალ ინჯია 85 წლის გახდა. პოეტი და მოქალაქე, შემოქმედი და მოქმედი – ორერთიანი, განუყოფელი მთლიანობა, რომელსაც მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული შემოქმედებითი და მორალურ-ზნეობრივი პოზიცია. ამიტომაც არის, რომ მისი ლექსი ერთი თემის, ერთი საგნის ჩარჩოებში ვერ ეტევა, მრავალთემატურია, მრავალწახნაგოვანია და, აქედან გამომდინარე, მისთვის პოეზია მყოფობს ყველგან და ყველაფერში, ყველასთვის და ყოველთვის, ანუ ისე, როგორც სინამდვილეშია - ასე აფასებენ ლიტერატურულ წრეებში თანამედროვე ავტორს, რომელიც 1937 წლის 14 იანვარს დაიბადა და ოთხი ათეული წელი სათავეში ედგა გორის მწერალთა სახლს.
„გორის მწერალთა სახლი და მწერლები ვულოცავთ დიდ პოეტს, პოეზიის რაინდს, უამრავი წიგნის ავტორს, დაუთვლელი პრემია-წოდებებისა და წარმატებების ყველაზე თავმდაბალ და უნიჭიერეს ადამიანს, ჯემალ ინჯიას, 85 წლის იუბილეს! ადამიანმა, რომელმაც დღევანდელი მწერალთა სახლი და მისი წარმატებები რთული გზებით მოგვართვა და გადმოგვილოცა, რომელსაც 40 წელი ხელმძღვანელობდა. ესაა ის პოეტი, რომელიც იმსახურებს მილოცვას. ასეთები იშვიათად თუ შეგხვდებათ.კაცი ლეგენდა და ცოცხალი ენციკლოპედია. სწორედ მისი დამსახურებაა, გორს, დღეს გალაკტიონის ხეივანი რომ ამშვენებს. კიდევ ერთხელ ვულოცავთ და ვუსურვებთ შემოქმედებით უამრავ წარმატებას, კიდევ მრავალ წელსა და ჯანმრთელობას“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა მარინა ჯალიაშვილმა.