საზოგადოება
14.01.2022 14:34
2021 წელს შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 42 785 შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის განმავლობაში ჩატარებული ტესტირებების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 42 785 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა განუცხადა.

ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, რეგიონში რამდენჯერმე დაფიქსირდა პიკური პერიოდები, როცა დადებითობის მაჩვენებელი ძალზე მაღალი იყო.

,,მოგეხსენებათ, ზოგადად, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორისთვის და შესაბამისად, ჩვენი რეგიონისთვისაც, საკმაოდ რთული იყო 2021 წელი. მთლიანობაში, გასული წლის განმავლობაში, რეგიონში კოვიდ 19-ით ინფიცირების 42 785 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. რამდენჯერმე დაფიქსირდა პიკური პერიოდები, როცა დადებითობის მაჩვენებელი ძალზე მაღალი იყო. რაც შეეხება ვაქცინაციას, ამცრელ პუნქტებში ყველაზე აქტიური მომართვიანობა აგვისტოში გვქონდა, შემდეგ დაფიქსირდა ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, ამ ეტაპზე, შედარებით მომატებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებზე მომართვიანობა.

ამ დროის მონაცემებით, რეგიონში ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით აცრილია მოსახლეობის სამიზნე 60%-ის 60.4 %; სრულად ვაქცინირებულია სამიზნე 60%-ის 53.9 %; აქვე გეტყვით, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილია 3 084 პირი, მე-4 დოზით რეგიონში ვაქცინირებულია 32 მოქალაქე.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, ბოლო დღეების განმავლობაში კვლავ შეინიშნება შემთხვევების მატება, ბოლო ორი კვირის შედეგების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი 13.1% გახლავთ, შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად კვლავ რჩება პირბადის ტარება და ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

კვირის ამბები