14 იანვარს, საქართველო ქვეყნის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ჰერალდიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ქვეყანაში, აღნიშნული თარიღი საზეიმოდ - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშის გადმოფენის ცერემონიებით აღინიშნება.
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს. სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. იგი განასახიერებს ყველა ჩვენგანის საერთო მისწრაფებას, რომ ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის საფუძველზე ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა.ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ - ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშას, დაახლოებით, შვიდასწლიანი ისტორია აქვს. შუა საუკუნეებში შედგენილ ევროპულ რუკებზე, საქართველოს სწორედ ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.