საზოგადოება
14.01.2022 13:30
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები აქტიურად ტარდება როგორც გორში არსებულ სამედიცინო ცენტრებში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში - გორის მერია
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრები აქტიურად ტარდება როგორც გორში არსებულ სამედიცინო ცენტრებში, ასევე, მუნიციპალიტეტის 4 სოფელში - ტყვიავში, კარალეთში, შავშვებსა და ნიქოზში. გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარი გიუნაშვილი, ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე სასაუბროდ, ტყვიავში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. „პრემიერ - მინისტრის ინიციატივით, 200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მიმართვიანობა სამედიცინო ცენტრებსა თუ ამბულატორიებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება. მოგეხსენებათ, ასაკობრივმა ზღვარმა 60-დან 50 წლამდე დაიწია და 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები