14 იანვარი ქართული თეატრის დღეა - ქართული თეატრის ისტორია გიორგი ერისთავით იწყება
172 წლის წინ, 1850 წლის 14 იანვარს, თბილისში, კლასიკური გიმნაზიის დარბაზში, გიორგი ერისთავმა თეატრისმოყვარულ საზოგადოებას სპექტაკლი - „გაყრა“ წარუდგინა, რომელის ავტორი, რეჟისორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც თავადვე იყო. ეს გახლდათ პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქზე გაცილებით ადრე, XIX საუკუნის 40-იან წლებში, სცენისმოყვარეთა პირველი წარმოდგენა გორში გაიმართა. 1845 წლის 1-8 მაისსა და ამავე წლის 11 ივლისს და 7 აგვისტოს, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია - „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“დაუდგამთ. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, სინამდვილეში, სწორედ ეს იყო პირველი ცდები ქართული თეატრის ჩამოყალიბებისა.
რაც შეეხება გორის თეატრის შენობის აშენებისა და სახელის მინიჭების ისტორიას, გორის თეატრის ამჟამინდელი შენობა 82 წლის წინ, 1939 წელს გაიხსნა. 1947 წელს კი, გორის თეატრს ცნობილი ქართველი დრამატურგის, გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა.