კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიმართ ტესტები, წინა შტამებთან შედარებით, ნაკლებად მგრძნობიარეა. ანუ, შესაძლოa, ადამიანს ჰქონდეს ვირუსი, შესაბამისი სიმპტომები და ტესტებით ეს ვერ დადასტურდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც ცერცვაძე განმარტავს, სიმპტომების აღმოჩენისთანავე ჩატარებულმა ტესტმა (განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა ბევრად ნაკლებია) შესაძლოა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს, ამიტომ, ცერცვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ტესტიება სიმპტომების აღმოჩენის მეორე დღეს ჩაიტარონ.
„ზოგადად, მსოფლიოში, არც ერთი ტესტი 100%-იანი არ არის, მაგრამ „ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე ,,დელტა” შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი, მარტივი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ჯერ ორგანიზმში მაღალი არ არის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ტესტმა, განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა ბევრად ნაკლებია, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. მაინც შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობა პაციენტების და არის ასეთი, რომლებიც ვერც მეორე და მესამე დღეს პოზიტიურ ტესტს ვერ დებენ და აქვთ კორონავირუსი. ამ მოქალაქეებს ვურჩევთ, რომ ისინი თვითონ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მათ მოექცნენ ისე, როგორც კოვიდიანებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში უკვე აღრიცხულია „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 1 096 შემთხვევა. როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, დაახლოებით ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 70-80 პროცენტს „ომიკრონის“ შტამი ექნება.