საზოგადოება
01.10.2019 20:12
„ლელოს“ წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან რაზმაძეებისთვის დაპირებული კოტეჯი მიიტანეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან იმ ხის კოტეჯის კონსტრუქციები მიიტანეს, რომლის გადაცემასაც გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის აპირებენ.

რაზმაძეებისთვის სახლის ჩუქების შესახებ მამუკა ხაზარაძემ ერთი თვის წინ, მაშინ დააანონსა, როცა გამყოფი ხაზის პერიმეტრზე, სადაც გივი რაზმაძის სახლი მდებარეობდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ღობეების მონტაჟი დაიწყეს.

რაზმაძეებს გუგუტიანთკარში არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, სადაც აღნიშნულ კოტეჯს განათავსებენ. „ლელოს“ წარმომადგენლების თქმით კი, მათ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურთან, რა დროსაც ხის სახლისთვის მიწის ფართის გამოძებნა სთხოვეს.

„ჩვენ ჩამოვიტანეთ ხის კოტეჯი, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილია, აღჭურვილია გათბობით, შესაბამისი ავეჯით და საყოფაცხოვრებო პირობებით. მიწის გამოყოფის თაობაზე მერიის პრესსამსახურის თანმაშრომელთან გვქონდა სატელეფონო საუბარი, მაგრამ ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოფიციალურად არ მიგვიმართავს მათთვის. თუ ეს ბიუროკრატიული ნიუანსები აუცილებელია და მაინცდამაინც წერილობით უნდა მიგვემართა მერიისთვის, ამასაც გავაკეთებთ და დაველოდებით, რომ რაზმაძეებს გუგუტიანთკარში გამოუყონ მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი დაიდგმება. რაც შეეხება იმას, რომ ეს კოტეჯი რაზმაძეებს გორში, სადღაც კორპუსების წინ დავუდგათ, ეს არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი იყო ამ ოჯახს ეცხოვრა ე.წ. საზღვართან გუგუტიანთკარში და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ რაზმაძეების ოჯახი უარს იტყვის ამ კოტეჯზე ან მაინცდამაინც გორში, სადღაც კორპუსებთან დადგმას მოითხოვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ მიგვაჩნია სწორად. შესაძლოა, ეს შენობა გადავცეთ სხვა ოჯახს, რომელიც ცხოვრობს ე.წ. საზღვის სიახლოვეს და იცხოვროს იქ“, - განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა თეონა დოლენჯაშვილმა.

კვირის ამბები