საზოგადოება
13.01.2022 10:13
თუ მგზავრობას გეგმავთ, გაეცანით საქართველოს საავტომობილო გზებზე უამინდობის გამო დაწესებულ შეზღუდვებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე ინფორმაციას ავრცელებს.

შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ. 105-კმ. 110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ. 86-კმ. 106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ. 88-კმ. 125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ. 138-კმ. 186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს.

კვირის ამბები