სკოლების დახურვის კიდევ ერთი ტალღა დამღუპველი იქნება ბავშვებისთვის, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების საფრთხეს ეხმაურება.
მოგეხსენებათ, კოვიდ 19-ის ახალი შტამის გავრცელების შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევები მთელს მსოფლიოში კატასტროფულად მატულობს. შესაბამისად, ქვეყნები ახალი რეგულაციების დაწესებაზე ფიქრობენ, მათ შორის - დატოვონ თუ არა სკოლები ღია. UNICEF-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სკოლების დახურვა თავიდან უნდა იქნას აცილებული.
„მტკიცებულება ნათელია: სკოლების გახანგრძლივებულმა დახურვამ, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის რესურსების შეზღუდვამ, დისტანციურ სწავლებაზე არათანაბარმა ხელმისაწვდომობამ გაანადგურა განათლებაში ათწლეულობით მიღწეული პროგრესი და სრულიად შეცვალა ბავშვობა. ბავშვთა შრომის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ჩრდილოვანი პანდემია მძვინვარებს. სკოლების დახურვის შედეგად, განათლების გარდა, ბავშვებმა ასევე დაკარგეს უსაფრთხოების განცდა და მეგობრებთან ყოველდღიური პერსონალური ურთიერთობის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული სკოლების დახურვა. როდესაც კორონავირუსის გავრცელება იზრდება და შეზღუდვების მკაცრი ზომები აუცილებელი ხდება, სკოლები უნდა იყოს ბოლო, რაც დაიხურება და პირველი, რაც გაიხსნება“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 11 იანვარს გამოაქვეყნებულ განცხადებაში.