საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრებზე გორში საჯარიმო სანქციები ამოქმედდა. ავტობუსებში კონტროლიორებმა ჯარიმების წერა რამდენიმე დღეა დაიწყეს.
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, უბილეთო მგზავრების დაჯარიმება სააგენტოს თვითმიზანი არ არის და იმედოვენებს, რომ ჯარიმა იქნება ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა იმ კატეგორიისთვის, ვინც მგზავრობის საფასურს არ იხდის.
„თითქმის ერთი წელია, გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. მას შემდეგ, რაც ავტობუსებში თანხის გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდა, კონტროლიორები მოქალაქეებს მუდმივად მიუთითებენ საფასურის გადახდისაკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრია იმ მგზავრთა რაოდენობა, ვინც, ასე ვთქვათ, ურჩი მგზავრია და არ იხდის მგზავრობის საფასურს. დამერწმუნეთ, მათი დაჯარიმება ჩვენი თვითმიზანი არ არის, უბრალოდ, ამ ადამიანებმა სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს და დაჯარიმების სისტემის დანერგვა გახდა საჭირო. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ კონკრეტული მომსახურებების მიღება, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, არის ფასიანი“, - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, მგზავრთა გადამოწმება ხდება სპეციალური აპარატურით, რომლითაც უკვე აღჭურვილები არიან კონტროლიორები. აპარატზე სამგზავრო ბარათის დაკავშირებით ხდება ბარათით ბოლო გადახდის იდენტიფიცირება და თუ დადგინდა, რომ პირს ბოლო 1 საათის განმავლობაში არ აქვს მგზავრობის საფასური გადახდილი, ხდება მისი დაჯარიმება. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2020 წლის 13 ნოემბერს მიღებული N47-ე დადგენილების მიხედვით, ბილეთის გარეშე მგზავრობისთვის პირი დაჯარიმდება 20 ლარით.