სკოლებში ზამთრის არდადეგები 14 იანვარს სრულდება, იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო ორი დღე შაბათი და კვირაა, ოფიციალურად, სასწავლო პროცესი 17 იანვარს უნდა განახლდეს.
GMnews-ი დაინტერესდა კოვიდინფიცირების მომატებული მაჩვენებლისა და იანვრის მეორე ნახევარში პანდემიის მეექვსე ტალღის მოლოდინის პირობებში განახლდება თუ არა სწალა საკლასო ოთახებში 17 იანვრიდან. როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.
„როგორც დაანონსებული იყო, 17 იანვრიდან სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ განახლდება საკლასო ოთახებში. ამავდროულად, მომავალი ორშაბათიდან განახლდება პედაგოგების ტესტირების პროცესიც, მოგეხსენებათ, არდადეგების პერიოდში, მასწავლებლების ტესტირება არ მიმდინარეობდა, თუმცა, ორშაბათიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება - სრულად ან ნაწილობრივ აცრილი პედაგოგების ტესირება ორ კვირაში ერთხელ, ხოლო აუცრელი მასწავლებლები კვლავ ერთკვირიანი შუალედით გაიტესტებიან. სასწავლო პროცესის განახლების მოახლოებასთან ერთად, მშობლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიცვან არსებული რეგულაციები და ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვები არ გაუშვან სკოლაში“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ახალი სემესტრიდან მშობლებს კვლავ ექნებათ დისტანციური სწავლების არჩევის უფლება.