დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის სტაციონარი სეზონური ვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელი ჩივილებით შემოსული პაციენტებითაა გადავსებული, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ განუცხადა.
ექიმის თქმით, ქალაქში ცირკულირებს სეზონური ვირუსული ინფექცია, რომელსაც უპირატესად მაღალი ტემპერატურა და ხველა ახასიათებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ვირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელი ჩივილებით პაციენტების შემოდინებამ. ამ დროისთვის, „იავნანას“ სტაციონარი გადავსებულია და ახალი პაციენტების მიღება ხდება გაწერის ხარჯზე, ასევე, სამედიცინო დაწესებულებამ მაქსიმალურად გამოყო დამატებითი რესურსები, რათა სრულყოფილად შევძლოთ პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში მათი სტაციონარში განთავსება.
ქალაქში ცირკულირებს სეზონური ვირუსული ინფექცია, რომელსაც უპირატესად ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და ხველა. დაკვირვება აჩვენებს, რომ ვირუსს მძიმე გართულება არ მოჰყოლია და მკურნალობას ექვემდებარება. მშობლებს ვურჩევ, თუ მოზარდს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ვერ ახერხებთ მის მართვას, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას“, - აცხადებს „გორის მაცნესთან“ საუბრისას ლია ლაზარაძე.