სპორტი
06.12.2019 17:08
საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება
გორში, 8 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება. მატჩი 15:30-ზე დაიწყება და გარდამავალი თასისთვის ერთმანეთს საბურთალო და ლოკომოტივი დაუპირისპირდებიან.  
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაგეგმილი აქვს არაერთი  სახალისო და გასართობი აქტივობა, რომელიც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებში აქტიურადაა ჩართული გორის მუნიციპალიტეტის მერიაც. 

GMnews-თან საუბრისას საფეხბურთო კლუბ „გორი“-ს დირექტორი გია ისიანი ამბობს, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს თასის ფინალული თამაშისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მეორედ შეარჩია, რაც გორის სტადიონის გამართულ ინფრასტრუქტურაზე მეტყველებს. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ორი წლის განმავლობაში ყიფიანის თასის ფინალი გორში უკვე მეორედ ტარდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურულად ძალიან კარგი სტადიონი შესაბამისი საფარითა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით. ჩვენი მხრივ, ყველფერს ვაკეთებთ, რომ ღირსეულად დავხვდეთ თასის ფინალს. მოხარული ვარ, რომ გორელი გულშემატკივარი განებივრებულია ასეთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონსიძიებებით“, - გვითხრა გია ისიანმა. 
საქართველოს საფეხბურთო თასი,რომელიც ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის სახელს ატარებს, ქართულ საფეხბურთო გუნდებს შორის, 1990 წლიდან ყოველწლიურად თამაშდება. 
კვირის ამბები