საზოგადოება
10.01.2022 15:05
პრემიერი - უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც „ფაიზერმა“ შეიმუშავა, ვმუშაობთ „მერკის“ მედიკამენტზეც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა „ომიკრონის“ და მოსახლეობის მაღალი მობილობით არის გამოწვეული. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ომიკრონის“ შტამის სუსტად მიმდინარეობის მიუხედავად, მოდუნება არ შეიძლება.

ღარიბაშვილმა მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკვე დაკვეთილია კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებიც, რომელიც „ფაიზერმა“ შეიმუშავა.

„ბოლო პერიოდში ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. დაწყებულია დაინფიცირების მორიგი ტალღის აღმასვლა, რაც კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ და დღესასწაულების დღეებში შეკრებების და ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მობილობით არის გამოწვეული. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას აცრის, დისტანციის დაცვის და პირბადის ტარებისაკენ.

ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ვაქცინები გვაქვს ადგილზე, ამას გარდა უკვე დავუკვეთეთ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებიც, რომელიც „ფაიზერმა“ შეიმუშავა და ასევე „მერკის“ მედიკამენტებზეც ვმუშაობთ. ხვალ გვექნება კოვიდსაბჭოს სხდომა და დამატებით გვექნება მსჯელობა ამის თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი, რადგან პირბადე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება პრევენციისა და ვირუსისგან დაცვის რეალური საშუალებაა,“ - განაცხადა პრემიერმა.

კვირის ამბები