საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება თურქეთის ბაზრის გახსნა და იქიდან ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანა საქართველოში, ამასთანავე დაწყებულია საკანონმდებლო ბაზის შეცვლის პროცესი, რაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მედიკამენტებზე ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„ჩვენი დაპირება შესრულდა, აზარტული თამაშების საკითხი დარეგულირდა ქვეყანაში. პარლამენტს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი, კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით - ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.
ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.