მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით, ბეთლემში, აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მსგეფსია, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეუძლია.
საქართველოში, შობასთან დაკავშირებულ ტრადიციებს შორის ერთ-ერთი ალილოა - სასულიერო და საერო პირები მსვლელობის დროს შეგროვებულ ტკბილეულსა და საჩუქრებს სოციალურად დაუცველებსა და შეჭირვებულ მოსახლეობას ურიგებენ.